საქართველოში თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი მომხმარებლისთვის დაახლოებით ერთ თვეში იქნება ხელმისაწვდომი
ქართულ ბაზარზე თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი მომხმარებლებისთვის, დაახლოებით, ერთ თვეში იქნება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, GMP სტანდარტის, მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტი საქართველოში ყველა წესისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება.
„რამდენიმე კვირაა, ორ მსხვილ იმპორტიორს თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე შემოსულია, დაახლოებით, 50 განაცხადი, რომელსაც დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, სრულად მოხდება ყველა იმ მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის, დაახლოებით, 200 მედიკამენტი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, თურქეთში ხარისხის კონტროლის მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და აკმაყოფილებს როგორც GMP, ისე ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა მოთხოვნებს.
შეგახსენებთ, თურქული ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გაიხსნა. ამ ეტაპზე, 30 -ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა 60%-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ფარმაცევტული კომპანიები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქულ მხარესთან, რათა მედიკამენტების ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი გახდეს.