თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი, რომელსაც ,,გორმედში“ ურთულესი ქირუსრგიული ოპერაცია ჩაუტარდა, კატასტროფული მედიცინის ჯგუფმა რეანიმობილით გორიდან თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანა.
,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში, პოლიტრავმით შეიყვანეს. 9 წლის ბიჭს აღენიშნებოდა მუცლის ღრუს დახურული ტრავმა ღვიძლისა და ელენთის დაზიანებით. ბავშვს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც მოხდა მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში. პაციენტის მდგომრეობა სტაბილურად მძიმეა.
შეგახსენებთ, ავარია საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მოხდა. მაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ერთი რვა წლის ბავშვია. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი არასრულწლოვანი. ცხრა წლის ბიჭი უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.