სამართალი
12.03.2022 18:10
გორთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ოჯახის ოთხი წევრი ადგილზე გარდაიცვალა, 9 წლის დაშავებულ ბავშვს კი, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ერთი რვა წლის ბავშვია.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი არასრულწლოვანი. ცხრა წლის ბიჭი უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. ბავშვს ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ავტობანზე მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კვირის ამბები