საზოგადოება
11.03.2022 14:14
პატარა უკრაინელი ბიჭი რომელიც მარტო, ტირილით მიდის პოლონეთის საზღვარზე - გორელი ხელოვანები რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანებიან

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელოვანი ახალგაზრდები რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანებიან. ერთ-ერთი მათგანი 20 წლის ნიჭიერი მხატვარი ლიკა ბასიშვილია, რომლის ინსპირაციის წყარო პატარა უკრაინელი ბიჭი გახლდათ, რომელიც მარტო, ტირილით მიდის პოლონეთის საზღვარზე.

როგორც GMnews-თან საუბრისას ლიკამ აღნიშნა, მისთვის, სამშობლოს, მშობლიური სახლ-კარის დატოვების ტკივილი კარგად ნაცნობია, ამიტომ პატარა ლტოლვილი ბიჭის ემოციების გადმოტანა ფურცელზე არ გასჭირვებია.

,,ცხინვალის რაიონ სოფელ ქურთაში დავიბადე (ამჟამად ოკუპირებული). იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება ძალიან განვიცდი, რადგან წლების წინ გამოვიარე იგივე, რასაც ახლა უკრაინელი მოსახლეობა გრძნობს. ბავშვის ვიდეოს ნახვამ რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, დიდი ემოციები დამიტოვა და გადავწყვიტე ნაგრძნობი ფურცელზე გადმომეტანა. ხატვის დროს ყველა დეტალზე მუშაობისას ვხედავდი მის ტკივილს და შიშს. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 7 წლის ვიყავი, ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორია, გეშინოდეს თუნდაც იმ ხმების, რაც ახლა უკრაინაში ისმის. მინდა, მალე დასრულდეს ომი, მინდა მშვიდობა და გამძლეობა ვუსურვო ყველა უკრაინელ მოქალაქეს. მჯერა, რომ მალე დასრულდება ომი და გავიმარჯვებთ ერთად დიდება უკრაინას დიდება მებრძოლ გმირებს“, - აღნიშნა ლიკა ბასიშვილმა.

კვირის ამბები