საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყნის შაქარით მომაგარგების თვალსაზრისით შეფერხების საფუძველი არ არსებობს.
როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოში შაქრის ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა, არამედ, ეს პროდუქტი შემოდის ბრაზილიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან.
„რადგანაც გაიზარდა შაქარზე მოთხოვნა და შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში და ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის. იმპორტიორები და ბიზნესი მზადაა, რომ იმ პროდუქტებთან მიმართებით, რომელთა მოწოდებაშიც შესაძლოა გარკვეული შეფერხებები გაჩნდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა ბაზრებიდან მოწოდებით ჩაანაცვლოს. ჩვენ კი, მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ჩვენს ბიზნესს, იმპორტიორებს, რათა მათ შესაბამის ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა და ჩვენი საელჩოების, ჩვენი კოლეგა სამინისტროების მეშვეობით მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ კონტაქტების დამყარებაში და შესაბამისი ბაზრების მოძიებაში. ამ ეტაპზე იმპორტიორი ქვეყნების ჩანაცვლების საჭიროება არ დგას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღის წინ შაქარზე და სხვა საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და როგორც ქსელური, ისე საბითუმო სავაჭრო ობიექტების დახლებზე ბევრი პროდუქტი ფაქტობრივად ამოიწურა.