საზოგადოება
10.03.2022 16:46
„სიკეთის ტალღა“ - სოციალური პროექტი მარტოხელა მოხუცებისთვის

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სკრის თემში სოციალური პროექტი - „სიკეთის ტალღა“ ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, სკრის თემში მცხოვრები 20 სოციალურად დაუცველი და დევნილი მარტოხელა მოხუცისთვის, შინმოვლისა და სოციალური სამრეცხაოს სერვისების მიწოდება ხორციელდება.

პროექტი, ამასთანავე, ითვალისწინებს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიების, სამაგიდო თამაშებისა და ექსკურსიების გამართვას, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარი მოხუცების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

პროექტის მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი გაეცნო, ბენეფიციარები მოინახულა და პირადად გაესაუბრა.

როგორც ცნობილია, პროექტში ჩართულები არიან მოხალისე ახალგაზრდები, რომლებიც ბენეფიციარებს საოჯახო საქმეებში ეხმარებიან - იქნება ეს საცხოვრების დალაგება -დასუფთავება, მაღაზიაში პროდუქტების შეძენა თუ სხვა. რაც შეეხება მოხუცთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ამ მიმართულებით პროექტში ჩართულია პროფესიონალი მედდა, რომელიც კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ ახორციელებს ვიზიტებს ბინაზე.

პროექტი „სიკეთის ტალღა“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემისა“ და გორის მერიის თანამშრომლობით სკრის თემში რამდენიმე წელია ხორციელდება. როგორც ცნობილია, აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამა“ ერთ-ერთი მუნიციპალური პროგრამაა, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განვითარებას ისახავს მიზნად.

„პროგრამა ეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას და გულისხმობს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების დაფინანსებას წილობრივი მონაწილეობით. ეს მიდგომა შესაძლებელს ხდის მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების გადაჭრას და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას მუნიციპალიტეტში. 2022 წელს, „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში ფინანსდება 11 სოციალური პროექტი, რომლის ბენეფიციარები ხანდაზმულებთან ერთად შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ვეტერანები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები არიან“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

კვირის ამბები