საზოგადოება
10.03.2022 11:36
საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიზნით, გორის მერიასა და „შალომ კლუბი შიდა ქართლს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „შალომ კლუბი შიდა ქართლს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ა(ა)იპ „შალომ კლუბი შიდა ქართლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კაპანაძემ მოაწერეს ხელი. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, თანამშრომლობა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო, საინფორმაციო, ეკონომიკური და სოციალური პროექტების განხორციელებით, მოქალაქეთა ჩართულობის ზრდასა და ადგილობრივების ეკონომიური მდგომარეობის გაძლიერების ხელშეწყობას.
პროექტები გორის მუნიციპალიტეტში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდება.
„შეთანხმების მიხედვით, ა(ა)იპ „შალომ კლუბი შიდა ქართლი“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სამედიცინო სფეროს განვითარების მიზნით, განხორციელდება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისრაელში აპრობირებული ინოვაციური ტექნოლოგიების გორის მუნიციპალიტეტში დანერგვას. გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კლუბის წარმომადგენელს სამომავლო თანამშრომლობას დაჰპირდა“, - აცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
კვირის ამბები