სისხლის კომპონენტებით უკრაინის დასახმარებლად დონაცია კორონავირუსის გადატანიდან 14 დღის შემდეგ არის შესაძლებელი
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჰადაწყვეტილებით, უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია საქართველოში 4 მარტიდან მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, მოქალაქეებს სისხლის გაღება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებიდან 14 დღის შემდეგ შეუძლიათ.
როგორც ამირან გამყრელიძემ მედიასთან აღნიშნა, კორონავირუსის გადატანიდან 14 დღის შემდეგ შესაძლებელია სისხლის დონაციის განხორციელება. ამასთან, თუ კოვიდი მსუბუქად მიმდინარეობს, სიმპტომები არ არის ბოლო 3-4 დღის განმავლობაში, შეიძლება დადასტურებიდან 14-20 დღის შემდეგაც განხორციელდეს დონაცია.
შეგახსენებთ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე donor.moh.gov.ge.
სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში. სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში.
ცნობისთვის, სისხლის ჩაბარებას შეძლებთ, თუ:
- თქვენი ასაკი 18-დან 65 წლამდეა;
- თქვენი წონა 50 კგ-ზე მეტია;
- თქვენი ჰემოგლობინი ნორმის ფარგლებშია;
- თუ არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).
- არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
- არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია; თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ ტატუ; არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
- დონაციის დღეს, დონორს არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო და სხვა გრიპოზული მოვლენები.
სისხლის ჩაბარება არ შეგიძლიათ, თუ:
- გაქვთ ან გქონდათ მაღალი ტემპერატურა გასული კვირის განმავლობაში;
- მკურნალობთ ანტიბიოტიკებით;
- გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები. ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები;
- რეგულარულად მკურნალობდით სისხლის პროდუქტებით;
- მოიხმარდით ნარკოტიკს;
- დონორს არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში.
- დონორობა არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის;
დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.
სისხლის ჯგუფები:
- არსებობს 4 ჯგუფის სისხლი: I (O), II (A), III (B), IV (AB). გარდა ამისა, სისხლი იყოფა რეზუსუარყოფითად (RH-) და რეზუსდადებითად (RH+). გადასასხმელად იყენებენ თანამოსახელე ჯგუფისა და რეზუსის სისხლს, თუმცა კრიტიკულ სიტუაციებში, განსაკუთრებით – ახალშობილებთან, როცა სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა რთულია, შეიძლება პირველი ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლიც გადაესხას. ის უნივერსალურ დონორად მიიჩნევა.