გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგებზე არანაირი დეფიციტი არ არსებობს. აღნიშნული განცხადება მინისტრმა მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცალსახად მნიშვნელოვანია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება.
„დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.