უკრაინის მთავრობამ დღეიდან ჭვავის, ქერის, წიწიბურას, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი 2022 წლის ბოლომდე აკრძალა. ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ გარკვეული პროდუქტების ექსპორტი იკრძალება რუსეთიდანაც. ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 2022 წლის ბოლომდე რუსეთის ფედერაცია მთელი რიგი პროდუქტების ექსპორტსა და იმპორტზე აწესებს შეზღუდვას. მაგალითად, მზესუმზირის ზეთის ძირითადი იმპორტიორები საქართველოსთვის სწორედ უკრაინა და რუსეთი იყვნენ.
უკვე მეორე დრეა, მომხმარებლები ჩივიან იმაზე, რომ მაღაზიებიდან შაქარი ,,გაქრა“, ამის პარალელურად, ვინც რომელიმე მარკეტში მიაგნო ამ პროდუქტს, თითქმის მთელი წლის მარაგის ყიდვა სცადა, რამაც გარკვეული დეფიციტი შექმნა. ექსპორტზე შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო, შესაძლოა მოხდეს პანიკური შესყიდვეები, რაც გაცილებით მეტად დააზარალებს ჩვეენს ბაზარს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა.
,,ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბაზარს ახლა ყველაზე მეტად პანიკური შესყიდვები აზარალებს. რუსეთის ან უკრაინის მხრიდან ნებისმიერი პროდუქციის შეზღუდვის პირობებში, შესაძლებელი იქნება სხვა ბაზრებზე გადაწყობა, თუმცა, ფასების გარკვეულ ზრდას ვერ გავექცევით, საუბარია, მოწოდების ფასზე. ანუ, პროდუქციის დეფიციტი არ იქნება, თუმცა გარდაუვალია ფასების ზრდა. მაგალითად, რუსეთიდან ტრანსპორტირება 2 000-დან 2 500 დოლარამდე ჯდება, მაშინ, როცა ევროპის ყველაზე ახლო ქვეყნიდან, პოლონეთიდან 4 000 ევრო ღირს“, - განაცხადა ჭყონიამ.