უფროსი სპეციალური მასწავლის სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგები გამოცდას 2023 წლის 1-ელ იანვრამდე ჩააბარებენ, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩატარების ბოლო ვადა კი, 2024 წლის 1-ლი იანვარია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ 2 მარტს ხელმოწერილ დადგენილებაში წერია. დოკუმენტის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდების დაორგანიზებისთვის სწორედ ზემოაღნიშნული პერიოდი განესაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე განათლების სისტემამ ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები მასწავლებლებად აღიარა. შედეგად, სპეციალური მასწავლებლები სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა 2021 წელს პირველად ჩატარდა, რის შემდეგაც, სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდას ყოველწლიური სახე მიეცა, რაც სტატუსის ამაღლების მსურველებისთვის კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობაა.