საზოგადოება
16.12.2019 15:39
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები რეგიონში მომუშავე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღონისძიებაზე განიხილეს როგორც მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები, ასევე, 2020 წლის გეგმები.
„მიმდინარე წელს, რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები დათქმულ ვადებში და რაც მთავარია, შესაბამისი სტანდარტების დაცვით შესრულდა. ამიტომ, პირველ რიგში, მადლობას ვუხდი თითოეულ კომპანიას გაწეული საქმიანობისთვის. რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს, 2020 წელი არანაკლებ დატვირთული გვექნება და ვიმედოვნებ, ჩვენს თანამშრომლობას ისევ აქტიურად და პროდუქტიულად გავაგრძელებთ“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
მიმდინარე წლის განმავლობაში, რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში გზების, სანიაღვრეების, სასმელი და სარწყავი სისტემების, ამბულატორიების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა აქედან გარკვეული ნაწილი გარდამავალია და 2020 წელს დასრულდება. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო თანხა როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე, რეგიონში განსახორციელებელი პროექტებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო.
საერთო ჯამში, 2019 წელს, შიდა ქართლში 617 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 71 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა.
კვირის ამბები