8 მარტს, ევროკავშირისა და სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმეები უკრაინის მხარდასაჭერ გამოფენა-გაყიდვას გამართავენ.
როგორც ცნობილია, ღონისძიება CENN-ის ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით ტარდება.
ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენა-გაყიდვის მიზანია, ერთი მხრივ, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვა, მეორე მხრივ კი, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 15 ადგილობრივი ქალი. გამოფენაზე ისინი გამოიტანენ ხელნაკეთ ნივთებს, საკვებ პროდუქტებს, მცენარეებს და სხვა.
ღონისძიება ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად.
მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მერაბ კოსტავას ქუჩაზე, შადრევანთან მოეწყობა და 13:00 საათიდან დაიწყება.