შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უკრინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი რამდენიმე დღეა გროვდება. როგორც ცნობილია, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ ჰუმანიტარული დახმარებისთვის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური რესურსი გამოიყო.
რეგიონის გუბერნატორი, მოადგილესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესს გაეცნო.
როგორც ვალერიან მჭედლიძე აღნიშნავს, მუნიციპალიტეტებში აქტიურად მდინარეობს ჰუმანიტარული კამპანია. „გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან უკრაინის შემდეგ ქალაქებთან - პავლოგრადი, ვასილკოვო, მელიტოპოლი, ნოვოგრად-ვოლინსკი და ობუხოვი. ამასთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული ნივთებიც მათი საჭიროებების მიხედვით გროვდება. რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს თუ ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება“, - განაცხადა რწმუნებულმა.
ცნობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.