რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართვეელოს მთავრობის ხელმძღვანელმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოდან უკრაინაში უკვე გაიგზავნა 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი.
„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით, უკრაინაში 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს.
მეორე საკითხი, რაც მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენთვის ყველასთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია. ის, რაც უკრაინაში ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ ომი და ის ტრაგედია, რომელიც ახლა უკრაინაში ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. კიდევ ერთხელ იმედი გვაქვს, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეძლება მალე დასრულდეს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.