საზოგადოება
04.03.2022 16:06
თუ დონორობას გეგმავთ, უნდა იცოდეთ, რა შემთხვევაში შეგიძლიათ სისხლის გაღება - უკრაინის დასახმარებლად, სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

უკრაინაში სისხლზე მოთხოვნა არსებულ მარაგს აღემატება და სისხლის ბანკები საჭირო ოდენობით სისხლის მარაგის შექმნის სერიოზულ პრობლემას წააწყდნენ. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება.

თუ დონორობას გეგმავთ, უნდა იცოდეთ, რა შემთხვევაში შეგიძლიათ სისხლის გაღება. ინფორმაციისთვის ,,გორის მაცნე“ სამედიცინო ქსელ ,,გორმედთან“ არსებული სისხლის ბანკის ხელმძღვანელს, კობა ჭიღლაძეს ესაუბრა.

სისხლის ჩაბარებას შეძლებთ, თუ:

  • თქვენი ასაკი 18-დან 65 წლამდეა;
  • თქვენი წონა 50 კგ-ზე მეტია;
  • თქვენი ჰემოგლობინი ნორმის ფარგლებშია;
  • თუ არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).
  • არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.
  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია; თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ ტატუ; არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  • დონაციის დღეს, დონორს არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო და სხვა გრიპოზული მოვლენები.

სისხლის ჩაბარება არ შეგიძლიათ, თუ:

  • გაქვთ ან გქონდათ მაღალი ტემპერატურა გასული კვირის განმავლობაში;
  • მკურნალობთ ანტიბიოტიკებით;
  • გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები. ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები;
  • რეგულარულად მკურნალობდით სისხლის პროდუქტებით;
  • მოიხმარდით ნარკოტიკს;
  • დონორს არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში.
  • დონორობა არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის;

თუ კორონავირუსული ინფექციის გადატანიდან გასულია არანაკლებ 1 თვე და პირი თავს კარგად გრძნობს, შეუძლია გაიღოს სისხლი; თუ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციიდან გასულია არანაკლებ 2 კვირა და აცრამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პირს შეუძლია დონორობა;  

დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

სისხლის ჯგუფები:

  • არსებობს 4 ჯგუფის სისხლი: I (O), II (A), III (B), IV (AB). გარდა ამისა, სისხლი იყოფა რეზუსუარყოფითად (RH-) და რეზუსდადებითად (RH+). გადასასხმელად იყენებენ თანამოსახელე ჯგუფისა და რეზუსის სისხლს, თუმცა კრიტიკულ სიტუაციებში, განსაკუთრებით – ახალშობილებთან, როცა სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა რთულია, შეიძლება პირველი ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლიც გადაესხას. ის უნივერსალურ დონორად მიიჩნევა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე 

სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში. მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში.

კვირის ამბები