საზოგადოება
04.03.2022 12:59
იდეა აქციე საქმედ - გორის მერიისა და საზოგადოება „ბილიკის“ ერთობლივი პროექტი ახალგაზრდებისთვის

საზოგადოება „ბილიკი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების მუნიციპალური პროგრამის-ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „იდეა აქციე საქმედ“.  

პროექტის ორგანიზატორების თქმით, აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში კრეატიული და ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა გახლავთ, რაც სასკოლო და სათემო ცხოვრებაში ფორმალური და არაფორმალური განათლების როლის გაზრდას შეუწყობს ხელს.

„იდეების კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მოსწავლლებს შესაძლებლობა ექნებათ წამოადგინონ იდეები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ახალგაზრდები და თვითმართველობა სასწავლებელში; ახალგაზრდების ჩართულობა არაფორმალური განათლების განვითარებაში; მშობლების გააქტიურება და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.

გაითვალისწინეთ, შეფასების მთავარი კრიტერიუმი იქნება სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა, იდეის აქტუალურობა და ინოვაციურობა“, - აცხადებენ საზოგადოება „ბილიკში“.

იდეების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ გორის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლას, გორის უნივერსიტეტის ახალგაზრდების გუნდებს და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

დაინტერესებულმა გუნდებმა მიმდინარე წლის 31 მარტამდე უნდა შეავსონ კონკურსის მონაწილეობის ონლაინ სააპლიკაციო ფორმა, სადაც დეტალურად და ლაკონურად  წარმოადგენენ საკუთარ იდეას. კონკურსის დასრულების შემდგომ ჟიური განიხილავს გუნდების მიერ  წარმოდგენილ სააპლიკაციო ფორმას და გამოავლენს 10 საუკეთესო იდეას.

კვირის ამბები