საზოგადოება
04.03.2022 12:42
სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობას დააფინანსებს
პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობას დააფინანსებს. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ზემოხსენებული სახელმწიფო პროგრამა ქმნის დამატებით სტიმულს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის ეს იქნება ადგილობრივი ნერგების წარმოება, სეტყვის საწინააღმდეგო სპეციალური ბადეების წარმოება თუ მებაღეობისთვის საჭირო სხვა ინვენტარი.
„მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამით უკვე შესაძლებელია ფერმერებმა მიიღონ თანადაფინანსება, რათა ადგილობრივი წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით დაიცვან მოსავალი. პროგრამაში ცვლილებებით გაიზარდა ჭის/ჭაბურღილის, მათ შორის, სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულების თანხა და განისაზღვრა არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 18,800 ლარით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ით და არაუმეტეს 22,600 ლარით“, აცხადებენ უწყებაში.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, პროგრამა ახალი პირობებით რამდენიმე დღის წინ უკვე ამოქმედდა.
კვირის ამბები