კონფლიქტები
04.03.2022 12:24
დე-ფაქტო ცხინვალის მიერ უკანონოდ დაკავებულ გორელებს - ვლადიმერ კანიაშვილსა და კახაბერ ნათაძეს, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალათ

რამდენიმე თვის წინ, დე-ფაქტო ცხინვალის მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვლადიმერ კანიაშვილსა და კახაბერ ნათაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალათ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 105-ე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და ჩვენი ყველა თანამოქალაქე აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს, ისე როგორც ეს სხვა შემთხვევებში მოხდა.

„ამ პერიოდისთვის, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე. რაც შეეხება ე.წ. პროცესებს, გაიმართა ვლადიმერ კანიაშვილისა და კახაბერ ნათაძის სასამართლო პროცესები, მათ შეეფარდათ უკანონო სასჯელი, ვლადიმერ კანიაშვილს 6 თვის ვადით, ხოლო კახაბერ ნათაძეს 3.6 წლის ვადით. ბრძოლა გაგრძელდება და ჩვენი ყველა თანამოქალაქე აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს, ისე როგორც ეს სხვა შემთხვევებში მოხდა. აქვე მინდა ვთქვა მამუკა ჩხიკვაძეზე, მისი ე.წ. სასამართლო პროცესი არ გამართულა. ჩვენ ყოველდღე ვინტერესდებით ე.წ ცხელი ხაზით, რომ მივიღოთ განახლებული ინფორმაცია თუნდაც თარიღის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ეს საკითხიც გაირკვევა. რაც შეეხება ზაზა მეგრელიშვილს, თამაზ გოგიჩაშვილსა და ლაშა ხეტერელს, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს „პროცედურები“, ე.წ. გამოძიება, ეს არის ბოლოს გაზიარებული ინფორმაცია“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დე-ფაქტო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, სხვადასხვა დროს დააკავა.

კვირის ამბები