საზოგადოება
02.03.2022 21:03
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილ შტაბში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე მეორე დღეა გროვდება

უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გორში მეორე დღეა მიმდინარეობს. დახმარების მსურველებს სხვადასხვა ნივთები თუ პროდუქტები გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი შტაბში მიაქვთ. როგორც მერიაში აცხადებენ, უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შესაგროვებლად გორელები დღეს უფრო მეტად აქტიურობდნენ.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭარედ და სოლიდარობის ნიშნად, საგანგებო შტაბში მოქალაქეებს, მერიის თანამშრომლებს, სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს თბილი ტანსაცმელი, არამალფუჭებადი პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები მიაქვთ.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მერიის წამოწყებას შეუერთდა ამ ორი დღის განმავლობაში და ამასთანავე, ჰუმანიტარულ აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს ყველას - სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რიგით თანამოქალაქეებს“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საგანგებო შტაბის მისამართია: გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, გრიგოლ ფერაძის ქ. N5.

საკონტაქტო ტელეფონები: 599 85 17 01; 591 69 41 41.

კვირის ამბები