საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე სასწავლო წლის კალენდარში 8-დან 14 მარტის ჩათვლით საგაზაფხულო არდადეგებია ჩანიშნული. გავრცელდება თუ არა სკოლებში დაგეგმილი დასვენების გრაფიკი საბავშვო ბაღებზეც, საკითხის გასარკვევად GMnews-ი გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაუკავშირდა.
როგორც სააგენტოში განაცხადეს, გაზაფხულის აღნიშნულ პერიოდში დასვენების დღეები გათვალისწინებული არ არის და ყველა საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.
„სკოლებისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღებში, მარტის პერიოდში არდადეგები ჩანიშნული არ არის, ბუნებრივია, ქვეყანაში გამოცხადებულ უქმე დღეებს - 3 და 8 მარტს - თუ არ ჩავთვლით, შესაბამისად, გეტყვით, რომ სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. ამასთან, მარტის პერიოდში არდადეგების პრაქტიკა არ გვაქვს და ამ კუთხით სიახლეები არ იგეგმება“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენელმა GMnews-თან საუბრისას.