გორის ისტორიაში პირველად, ახალგაზრდული საბჭო ჩამოყალიბდა, რომლის მხარდამჭერიც გორის მუნიციპალიტეტის მერია გახლავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება „ბილიკი“ ავრცელებს.
GMnews-ის ინფორმაციით, საბჭოს მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი ახალგაზრდების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა.
„გორის ახალგაზრდული საბჭოს ქმედითუნარიანობის და შესაძლებლობების გაზრდის გამო დაგეგმილია სპეციალური ტრენინგ კურსის ციკლი, რაც ახალგაზრდებს მომავალში სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით სისტემური მართვის მექანიზმების შექმნაში დაეხმარება.
1-ელ მარტს, შიდა ქართლის რეგიონულ ჰაბში გაიმართა გორის ახალგაზრდული საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც, ძირითადად, გაცნობით ხასიათს ატარებდა, შერჩეულმა ახალგაზრდება უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, ისაუბრეს არსებულ და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები და ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული 20 ახალგაზრდა გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან“, - ნათქვამია „ბილიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცაიში.
ცნობისთვის, გორის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება ხდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად-ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.