საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის გარგლებში, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი, სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, ამ ეტაპზე, 14 382 ვაკანსიაა. ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია კი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება“, - აცხადებენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.