მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა გაიზარდა
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხრიდან, მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე ფინანსური მხარდაჭერა გაიზარდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ასევე, გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროგრამებით მიღებული სარგებლის მოცულობა.
როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდა ქვეყნის პრემიერის ინიციატივა და დავალება იყო. გასულ წელს, აღნიშნული მიმართულებისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყო. ამჯერად კი, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა გაიზარდა მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე.
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, თანაბრად შესაძლებელია მოსავლის ამღები ახალი და მეორადი ტექნიკის თანადაფინანსებით შესყიდვა.
„მიღებული გადაწყვეტილებით „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელი კომპანიებისაგან, შპს - სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის და შპს - აგროსერვისცენტრისაგან მეორადი კომბაინის შესყიდვისას თანადაფინანსება გაიზარდა და შეადგენს არაუმეტეს 60 %, და 120, 000 ლარს. მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში, შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარს, ხოლო სხვა ტიპის მოსავლის ამღები (გარდა ყურძნისა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში - არაუმეტეს 50%-ს და არაუმეტეს 150,000 ლარს“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.