პავლოგრადი, ვასილკოვო, მელიტოპოლი, ნოვოგრად-ვოლინსკი, ობუხოვი - შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებთან დამეგობრებული ქალაქების მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება დღეიდან იწყება, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა განაცხადა.
ვალერიან მჭედლიძის ინფორმაციით, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი - გორი, კასპი, ქარელი და ხაშური, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, სარეზერვო ფონდიდან ფინანსურ რესურსს გამოყოფს.
„შიდა ქართლის რეგიონში შემავალი გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან უკრაინის შემდეგ ქალაქებთან - პავლოგრადი, ვასილკოვო, მელიტოპოლი, ნოვოგრად-ვოლინსკი და ობუხოვი. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტებში ჰუმანიტარული კამპანია დღეიდან აქტიურად იწყება. რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს თუ ბიზნესის წარმომადგენლელს შეუძლია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საკუთარი წვლილის შეტანა. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, სარეზერვო ფონდიდან ფინანსურ რესურსს გამოყოფს. დახმარების გაწევა იგეგმება როგორც დაძმობილებული, ისე სხვა ქალაქების მოსახლეობისთვის. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიხსნა ოთახები, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ჰუმანიტარულ აქციაში ჩართვას. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობა, ბუნებრივია, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად. მოვუწოდებ ყველას, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.