საზოგადოება
01.03.2022 10:28
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დღეს დასრულდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1-ლი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. შესაბამისად, დღეიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მონადირეებს, კანონდარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი სანქციების შესახებ აფრთხილებს.

„აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია. ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოში გაიხსნება.

კვირის ამბები