კონფლიქტები
15.12.2019 19:21
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.

აქციის ბოლოს, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და საჰაერო ბუშტებზე შებმული თეთრი ხალათი ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გაუშვეს.

დაკავებული ექიმის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და ვაჟა გაფრინდაშვილის თემაზე კომენტარების გაკეთებისას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„მინდა ვთხოვო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს: საუკუნეებია, ჩვენ, კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობის და ტოლერანტობის პრინციპებს. მინდა და მჯერა, რომ ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა, ისევ მოგვარებადია ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით. მინდა მივმართო, რომ ვაჟა რასაც ემსახურება, ეს, პირველ რიგში, არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვა. ვინც მას იცნობს, ყველამ იცის, რომ მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია. ყველამ იცის, როგორი დახმარება იცის მან და პაციენტებზე ზრუნვა. სრულიად წარმოუდგენელია, რომ ის თავისი ამ საქციელის გამო ზის გამოკეტილი და ჩვენ ვიცით, რა საშინელ პირობებშია. ის იმყოფება თავის სამშობლოში ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ჩვენ აქ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, აქ თუ თბილისში, არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძება მის საზიანოდ მოტრიალდეს.

მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა უპარტიოს, პარტიულს, ყველა წარმომადგენელს, გთხოვთ, გაიზიაროთ ეს ჩვენი თხოვნა და ძალიან ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ, სანამ ვაჟა გაფრინდაშვილი დაგვიბრუნდება და ისედაც, მერეც, ჩვენი შერიგებისა და ერთად ყოფნისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აქცია არის ჰუმანური, არაპოლიტიკური და არაძალადობრივი“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

კვირის ამბები