2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს იწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აპლიკანტები რეგისტრაციას მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ იუნფორმაციას.
ცნობისთვის, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა; საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ; საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.