საზოგადოება
01.03.2022 00:27
აზარტულ თამაშებზე დაწესებული შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, 1-ლი მარტიდან ამოქმედდა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულაციების შესახებ კანონში შესული ცვლილებები.

ცვლილების თანახმად, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ჯამში, ამჟამინდელი მონაცემებით, აზარტულ თამაშებზე წვდომა საქართველოში 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეზღუდება.

პარალელურად, დღეიდან იკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამაც, ასევე, რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, ინიციატივის ერთადერთ მიზანს საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით - ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვა წარმოადგენს.

კვირის ამბები