საზოგადოება
28.02.2022 19:23
გორის მერია უკრაინის დამეგობრებული ქალაქების მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას იწყებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია გორთან დამეგობრებულ უკრაინის ქალაქებს - მელიტოპოლსა და პავლოგრადს, ასევე, ვასილკოვოს მუნიციპალიტეტს სოლიდარობას უცხადებს და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ჰუმანიტარული აქცია 1-ლი მარტიდან დაიწყება.

„გორთან დამეგობრებული ქალაქები, ისევე, როგორც უკრაინელი ხალხი, დღეს დიდი განსაცდელის წინაშე დგას და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. გორის მერია დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას ახორციელებს და მათი საჭიროების გათვალისწინებით, კონკრეტული დახმარების პაკეტის მომზადებას გეგმავს. მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს ყველას - სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რიგით თანამოქალაქეებს. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიხსნება საგანგებო შტაბი, სადაც შეგეძლებათ ჰუმანიტარული დახმარების მიტანა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

როგორც ცნობილია, მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გაიხარჯება. ამასთან, ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

დახმარების მსურველებს, შეუძლიათ მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, მისამართი: გრიგოლ ფერაძის N5, ან დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 599 85 17 01; 591 69 41 41.

 

კვირის ამბები