შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ.
რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში შემავალი გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან უკრაინის შემდეგ ქალაქებთან - პავლოგრადი, ვასილკოვო, მელიტოპოლი, ნოვოგრად-ვოლინსკი და ობუხოვი. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით დაიგეგმება.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტებში აქტიურად დაიწყება ჰუმანიტარული კამპანია. რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს თუ ბიზნესის წარმომადგენლელს შეუძლია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს ფინანსურ რესურსს.
„რეგიონის მუნიციპალიტეტები იწყებენ დახმარების გაწევას უკრაინის როგორც დაძმობილებული, ისე სხვა ქალაქების მოსახლეობისთვის. ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარება. დღეიდან თითოეულ ადმინისტრაციულ შენობაში გაიხსნება ოთახები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღონ მონაწილეობა ჰუმანიტარულ საქმიანობაში. ასევე, მცირე და საშუალო მეწარმეებს, ვისაც სურვილი აქვს შეუერთდეს საქველმოქმედო ღონისძიებას. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობა, ბუნებრივია, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას, აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ.
პუნქტები გახსნილი იქნება შემდეგ მისამართებზე: გორი - გრ. ფერაძის ქ. № 5, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა; კასპი - სააკაძის ქ. № 38 , სპორტკომპლექსის მრგვალი დარბაზი; ქარელი - ნინოშვილის ქ №3, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა; ხაშური - ტაბიძის ქ. № 2, ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული.