კონფლიქტები
15.12.2019 15:47
არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას, არც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობასთან - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას.

„კიდევ ერთხელ, სოლიდარობა ბატონ ვაჟას, სოლიდარობა მის ოჯახს! ფაქტობრივად, მთელი ცივილზებული მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა  ყველა ჩვენგანის თანაზიარია იმ მოთხოვნასა და უპრეცედენტო ძალისხმევაში, რაც მის გათავისუფლებას უკავშირდება.

საოკუპაციო რეჟიმი იმ უკანონო ტყვეობით და გათავისუფლების გაჭიანურებით საკუთარ სახეს მთელი სისრულით აჩვენებს, ამით კი, მის და ყველა ჩვენგანის გამძლეობას ცდის, ისევე, როგორც ყველა იმ უკანონო ზომით, რითაც ასობით ადამიანს ყოველდღიურ პრობლემას უქმნის, როგორც დღეს, ფაქტობრივად დატყვევებულ მთელ ახალგორის რაიონს.

არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას, არც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობასთან. დღეს ვალდებული ვართ, მისი გათავისუფილების ინტერესით ვიხელმძღვანელოთ. ახლა ეს არის უპირატესი ამოცანა.

დაუშვებლია ამ საკითხის პოლიტიზირება და ამით მანიპულირება, მათ შორის, თავად ოჯახის ნებისა და საერთოდ, საღი აზრისა და ელემენტარული ადამიანური პრინციპების საპირისპიროდ. ამ პრინციპსა და ოჯახის ამ სამართლიან სურვილს პატივი უნდა ვცეთ რა თქმა უნდა.მისი გათავისუფლებისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არცერთი წუთით არ მოდუნდება, ვიდრე ის ოჯახს არ დაუბრუნდება“, - ნათქვამია ქეთევან ციხელაშვილის განცხადებაში.

 

 

კვირის ამბები