საზოგადოება
28.02.2022 15:07
კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია 6 საბავშვო ბაღში, თვითიზოლაციაშია 4 ჯგუფი
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია 6 საბავშვო ბაღში, აქედან 5 სოფლებში: ხიდისთავი, ქიწნისი, ქვახვრელი, ზეღდულეთი და დიცი, ერთი კი, ქალაქში მოქმედი მეოთხე საბავშვო ბაღია. ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 55 თანამშრომელი, - ამის შესახებ GMnews-ს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
„დღეის მონაცემებით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის 6 დაწესებულებაში. აქედან ერთი გახლავთ ქალაქის მასშტაბით, 5 კი მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედი ბაღებია. ამასთან, ინფექციის დადასტურების გამო, დახურულია და შესაბამისად, თვითიზოლაციაშია სხვადასხვა ბაღის 4 ჯგუფი. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 55 თანამშრომელი“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სწავლის განახლების საკითხთან დაკავშირებით სააგენტოში განმარტავენ, რომ თითოეული ჯგუფის/სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშო ბაღებში ამ ეტაპზე კვლავ თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.
კვირის ამბები