დღევანდელი მონაცემებით, ქალაქში საპარკინგე ადგილებით სარგებლობის უფლების შეძენას მძღოლები აქტიურად განაგრძობენ, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარჯაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ქალაქის მასშტაბით პარკირების აბონემენტების შეძენის ტენდენციამ მნიშვნელოვნად მოიმატა.
„ქალაქში საპარკინგე ადგილებით სარგებლობის უფლების შეძენას მძღოლები აქტიურად განაგრძობენ. ამ დროისთვის, მიმდინარე წელს გაცემულია 417 აბონემენტი, ბუნებრივია სხვადასხვა ვადით. მთავარი არის ის, რომ ადამიანები თანდათან იზიარებენ საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ საკმაოდ მაღალია დაჯარიმების მაჩვენებელიც, ბუნებრივია, ჯარიმის დაწერა ჩვენი თვითმიზანი არ არის, ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებ, ისარგებლონ სააბონემენტო სისტემით“, - აღნიშნავს „გორის მაცნესთან“ საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ბარჯაძე.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით, საპარკინგე ადგილები 148 ლოკაციაზეა განთავსებული.
პარკირებისა და ჯარიმის საფასურის გადახდა შესაძლებელია: კეთილმოწყობის სააგენტოს ვებგვერდის (goriparking.ge), ინტერნეტ ბანკისა („თიბისი“ და „საქართველოს“ ბანკის) და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით.