საზოგადოება
28.02.2022 12:11
გორელმა მოზარდებმა უკრაინელი თანატოლეების დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია დაიწყეს
გორში, ამერიკის უნივერსიტეტის სკოლამ წამოიწყო კამპანია - ქართველი ბავშვები უკრაინელი ბავშვებისთვის.
როგორც „გორის მაცნეს“ აღნიშნული სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა სუზი ბერიძემ განუცხადა, კამპანიის ფარგლებში, სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა უკვე შეძლეს გარკვეული თანხის მობილიზება და უკრაინელი ხალხისთვის პირველადი საჭიროების ნივთების - პლედების, მედიკამენტების და საკვები პროდუქტების შეძენა.
„რა თქმა უნდა, მცირედია, რაც ჩვენ შევძელით, თუმცა, თუ ბევრი სკოლა შემოგვიერთდება, შევძლებთ რეალური დახმარება გავუწიოთ გმირ უკრაინელ ხალხს. ისინი ახლა ჩვენი მშვიდობისთვისაც იბრძვიან. თავიდან, ვიდრე ზემოხსენებულ აქციას წამოვიწყებდით, ძალიან ვფრთხილობდით მოსწავლეებისთვის ისე მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ ნაკლები სტრესი მიგვეყენებინა, მაგრამ ისინი საოცარი მზაობით და გაგებით ეკიდებიან შექმნილ სიტუაციას, ზუსტად იციან, რომ დღეს მათი მხარდაჭერა უკრაინელი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. მშობლების ჩართულობით და თანადგომით, თანხის მობილიზება ორ დღეში შევძელით და კიდევ გვემატებიან მსურველები. გვინდა, სხვა სკოლებიც შემოვიკრიბოთ და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით, ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ მათ დასახმარებლად“, - აღნიშნა ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა სუზი ბერიძემ.
კვირის ამბები