საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის გარდა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება - გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები.
ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა პოლონეთის ქალაქ ლუბლინის გავლით მიიღებს.