საზოგადოება
01.10.2019 21:10
რაზმაძეებისთვის განკუთვნილი კოტეჯი ,,ლელოს“ წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ჩაიტანეს

კოტეჯი, რომელიც ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებს გუგუტიანთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახისთვის უნდა გადაეცათ, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში ჩაიტანეს.

,,სოფლიდან მაცნობეს, რომ გორიდან გუგუტიანთკარში წაუღიათ ჩვენთვის დაპირებული კოტეჯი, მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. არასწორი ინტერპრეტაციებით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ჩვენ უარი განვაცხადეთ დაპირებულ კოტეჯზე. სინამდვილეში ვუთხარით, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს ადგილი, სადაც ამ სახლს დავდგამთ, ადგილი გვაქვს გორში, ჩვენი სახლის ეზოში, შევთავაზეთ, რომ ჩამოცალონ აქ ეს კონსტრუქცია და როდესაც შესაბამის ფართს გამოვძებნით, შევატყობინებთ და თავად ააწყონ ან სულაც ჩვენ ვნახავთ ხელოსნებს და ავაწყობინებთ ამ სახლს. რაც შეეხება გუგუტიანთკარს, უამრავჯერ ვთქვით, რომ სოფელში არ გვაქვს არანაირი მიწის ნაკვეთი. ჩვენ არ გვითხოვია ხაზარაძისთვის დახმარება, თავად შემოგვთავაზეს საჩუქრად და როცა ადამიანს საჩუქარს აძლევ, სად დადგამს, მისი გადასაწყვეტია და ისეთი განცხადებები გაკეთდა დღეს მათი მხრიდან, რომ იქნებ სულაც უარი ვთქვათ ამ კოტეჯზე“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ქეთი ნიჟარაძის განცხადებით, კოტეჯის დასაწყობება ვერც გუგუტიანთკარში შეძლეს და ამიტომ იძულებულები გახდნენ, სოფელში კოტეჯი იმ მანქანიანად დაეტოვებინათ, რომლითაც ჩაიტანეს.

,,კოტეჯი გუგუტიანთკარში ჩავიტანეთ, გვინდოდა, დაგვესაწყობებინა სოფლის ცენტრში მდებარე იმ შენობის ეზოში, სადაც რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. თავდაპირველად ერთ-ერთმა მათგანმა, თინა გუგუტიშვილმა გვითხრა, რომ სახლის კონსტრუქციის მათი საცხოვრებელი შენობის წინ ჩამოცლა შეგვეძლო, თუმცა, მოგვიანებით აქაც უარი მივიღეთ, შენობა, სადაც ეს ოთხი ოჯახი ცხოვრობს, ამ ოჯახებს არ ეკუთვნით და გუგუტიშვილის თქმით, მას აცნობეს, რომ მიმდებარე ტერიტორიას განკარგვის უფლება არ ჰქონდათ. იძულებულები გავხდით, იმ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დაგვეტოვებინა კოტეჯი გუგუტიანთკარში, რომელზეც ტრანსპორტირებისთვის დაიტვირთა. დაველოდებით მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

კვირის ამბები