საზოგადოება
25.02.2022 12:49
უკრაინა თავისი ფართობით მსოფლიოში სიდიდით 46-ე სახელმწიფოა, სამხედროთა რაოდენობით კი, რუსეთის შემდეგ მეორეა ევროპაში
უკრაინულ-ქართული მეგობრული ურთიერთობა არაერთ საუკუნეს ითვლის და ინტერესების გადაკვეთის არცერთი პრობლემით არ არის დამძიმებული, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში უნიკალური ფენომენია. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში, უკრაინა და საქართველო ხან დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყვნენ, ხან ნაწილობრივ, ან სრულად ექცეოდნენ სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში, ხანაც, კვლავ აღწევდნენ დამოუკიდებლობას.
კიდევ ერთი პარალელი, ამ ორი ქვეყნის „ისტორიული ბედის“ მსგავსებაში ბოლო დღეებში გაივლო. GMnews-ი გთავაზობთ მოკლე ისტორიულ ექსკურსს უკრაინის შესახებ.
უკრაინა აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი (ფართობი: 603 628 კმ²; მოიცავს ოკუპირებულ ყირიმის და აღმოსავლეთ რეგიონებს) უნიტარული, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია კიევი. ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 45.4 მილიონს, მათ შორის 77.8 % უკრაინელია, 17.3 % კი - რუსი; ოფიციალური ენა უკრაინულია, თუმცა, რეგიონალური მასშტაბით, ასევე აღიარებულია 18 ენა. ყველაზე გავრცელებული რელიგია მართლმადიდებლობაა.
შუა საუკუნეებში თანამედროვე უკრაინის ტერიტორია აღმოსავლეთ სლავური კულტურის ცენტრი იყო. აქ მდებარეობდა კიევის რუსეთის ძლიერი სახელმწიფო. XIII საუკუნეში უკრაინა დანაწევრებული იყო და მას ლიტვა, პოლონეთი, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეთი და რუსეთი იყოფდნენ.
XVII-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა კაზაკთა რესპუბლიკა, თუმცა, უკრაინა კვლავ დაქუცმაცებული რჩებოდა, ვიდრე ის არ გაერთიანდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით XX საუკუნეში. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1991 წელს მოიპოვა.
უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი. უკრაინა თავისი ფართობით მსოფლიოში სიდიდით 46-ე სახელმწიფოა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკრაინას მემკვიდრეობით დარჩა 780 000 ჯარისკაცი თავის ტერიტორიაზე. მის განკარგულებაში იყო მსოფლიოში სიდიდით მესამე ატომური იარაღის არსენალი. 1992 წელს კი, უკრაინამ ხელი მოაწერა სტრატეგიული იარაღის შემცირების შეთანხმებას (START), რომლის ძალითაც სახელმწიფოს უნდა გაენადგურებინა ატომური იარაღი და გადაქცეულიყო ატომური იარაღის არმქონე სახელმწიფოდ. შეთანხმების საფუძველზე, 1996 წელს უკრაინამ შეასრულა პირობა და მას ატომური აირაღი აღარ გააჩნია.რაც შეეხება სამხედროთა რაოდენობას, სამხედროთა რაოდენობით მეორეა ევროპაში რუსეთის შემდეგ. უკრაინა მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს სამშვიდობო ოპერაციებშიკოსოვოში, ლიბანში, ერაყში.
კვირის ამბები