24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დახმარების მიზნით კერძო სექტორის ნაწილი მზაობას გამოთქვამს, რომ შეიფარონ როგორც საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ვიზიტორები, ასევე საკუთარი განთავსების ობიექტებში მიიღონ ომის მსხვერპლი ადამიანები უკრაინიდან.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,საქართველოს ხელისუფლების ჰუმანიტარული დახმარება ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს. კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი 0 800 800 909, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ტურისტებს შეუძლიათ მიიღონ ყველანაირი სახის ინფორმაცია და დახმარება. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურიზმის ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით 100-ზე მეტმა უკრაინელმა ტურისტმა მიმართა და ყველა მათგანის თხოვნა დაკმაყოფილებულია. ვიდრე უკრაინის საჰაერო სივრცე არ გაიხსნება,ტურისტები სრულიად უსასყიდლოდ დარჩებიან საქართველოში სხვადასხვა სასტუმროში.
უკრაინის მოქალაქეების შეფარების სურვილს სოციალურ ქსელში აქტიურად გამოთქვამენ მოქალაქეები და მათ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დარჩენას, ან აგარაკების დათმობას სთავაზობენ.