უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მსახიობი და რეჟისორი შონ პენი უკრაინაში ჩავიდა და დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი და რეჟისორი ესწრება კიევში გამართულ სამთავრობო პრესკონფერენციას. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც ასახავს შონ პენის და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას.
„შონ პენი გვაჩვენებს გაბედულებას, რომელიც ბევრს, განსაკუთრებით დასავლეთის პოლიტიკოსებს, აკლია. რეჟისორი საგანგებოდ ჩამოვიდა კიევში, რათა აღბეჭდოს ყველა მოვლენა, რაც უკრაინაში ახლა ხდება და მსოფლიოს სიმართლე უთხრას, რუსეთის მხრიდან ჩვენს ქვეყანაში შემოჭრის შესახებ“, - წერს პრეზიდენტის პრესსამსახური ფეისბუკზე.
ცნობისთვის, შონ პენი აღნიშნულ პროექტზე სამუშაოდ უკრაინაში ნოემბერშიც იმყოფებოდა, რა დროსაც დონეცკის რეგიონთან ახლოს უკრაინის არმიის წევრებს შეხვდა.