1-ლი მარტიდან, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების გაცემა მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით მოხდება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, 2022 წლის 1-ლი მარტიდან, მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით. ამასთან, ექიმი ვალდებულია, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი. ზემოხსენებული უწყების ინფორმაციით, მოთხოვნა ასევე ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც.
„გამონაკლისის სახით, მხოლოდ სოფლის ექიმებს ეძლევათ რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა. ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებსაც უჩნდებათ ვალდებულება, II ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს, მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.