,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ ინიციატივით, გორის ციხის მიმდებარედ არსებული მონუმენტი, გორის მთავარი სიმბოლო - ლომჭაბუკის ძეგლი და ამავე სკვერში მდებარე ხელოვნების სახლი სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
,,ხელოვნების სახლი და ლომჭაბუკის ძეგლი სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებში გავანათეთ #SlavaUkraini #славаукраïнi" - აღნიშნულია გორელ ფოტოგრაფთა კლუბის და ხელოვნების სახლის ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეტევას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან ახორციელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 30-მდე ბალისტიკური რაკეტის და რეაქტიული სისტემების გამოყენების ფაქტი ფიქსირდება. სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაღუპულია რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე, ასევე ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლზე.