გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში მცხოვრები გიორგი ზაზაძის და ქეთევან მიქელაძის მრავალშვილიან ოჯახს მეცხრე შვილი შეემატა.
ბართლომე - წონით 3.5 კგ. ,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანაში“ დღეს დაიბადა. ამავე კლინიკაში დაიბადა ბართლომეს 8 და-ძმა - ნინო, გაბრიელი, თეკლა, ბარბარე, მართა, მიქაელი, მარიამი და იაკობი.
,,იავნანაში“ აცხადებენ, რომ დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ქეთევან მიქელაძის ცხრავე ორსულობა ექიმი გინეკოლოგის, ნინო შერმადინის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. მშობიარობას, რომელიც საკეისრო კვეთით ჩატარდა, ,,იავნანას“ ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ქაჯაია და დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ვასიკო სიმონია უძღვებოდნენ. ქეთევან მიქელაძის ცხრა მშობიარობიდან 4 ბავშვი საკეისრი კვეთით დაიბადა.
სოფელ ქიწნისის მეურნეობის დასახლებაში, საერთო საცხოვრებლის სამოთახიან ბინაში მცხოვრები ცხრაშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი 14 წლისაა. ოჯახის ძირითადი სტაბილური შემოსავალი სოციალურად დაუცველთათვის გათვალისწინებული შემწეობა და ბავშვების დახმარებაა, თუმცა, 9 შვილის დედა ამბობს, რომ ოჯახი ბევრს შრომობს, რომ მხოლოდ შემწეობის იმედზე არ იყოს.
,,ვიდრე ჩემს ოჯახზე გეტყვით, პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ,,იავნანას“, მის ხელმძღვანელობას, კლინიკის დირექტორს - დავით ქაჯაიას, მეან-გინეკოლოგ ვასიკო სიმონიას, ჩემს გინეკოლოგს, ნინო შერმადინს, რომლის მეთვალყურეობითაც მიმდინარეობდა ცხრა ორსულობა, ასევე ,,იავნანას“თითოეულ თანამშრომელს, ფაქტობრივად, ეს ჩვენი ოჯახია, ჩვენი ცხრავე შვილი აქ დაიბადა. უფროსი 14 წლისაა, ყველაზე უმცროსი, იაკობი კი - 2-ის, ახლა ბართლომეც შეგვემატა, ოთხი ვაჟი და ხუთი გოგონა გვყავს. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 38 წლის ასაკში 9 შვილის დედა ვიქნებოდი, მაგრამ ყველაფერი უფლის ნებაა. ოჯახში 13 წევრი ვართ - მე და ჩემი მეუღლე, დედამთილ-მამამთილი და 9 ბავშვი. ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი სოციალურად დაუცველთა და ბავშვების შემწეობაა, მაგრამ ბევრს ვშრომობთ, რომ მხოლოდ შემწეობის იმედზე არ ვიყოთ. სოფელში სამეურნეო მიწა ბევრი არ გვაქვს, მაგრამ ვქირაობთ და ასე ვამუშავებთ, რომ ოჯახისთვის საკმარისი მოსავალი მოვიყვანოთ. სხვა მხრივ კი, იმის მიუხედავად, რომ მრავალშვილიანი ოჯახი ვართ, არანაირი პრივილეგიით და სხვა სახის დახმარებით არ გვისარგებლია“, - განაცხადა ქეთევან მიქელაძემ.