საზოგადოება
24.02.2022 19:22
კარგი იქნება, თუ ჩვენი ქვეყნიდან მოხერხდება დაჭრილებისთვის სისხლის მარაგის შეგროვება და გადაგზავნა უკრაინაში - ექიმი დავით ღვინიაშვილი

კარგი იქნება, თუ ჩვენი ქვეყნიდან მოხერხდება დაჭრილებისთვის სისხლის მარაგის შეგროვება და გადაგზავნა უკრაინაში. შეიძლება სხვა სამედიცინო დანიშნულების მასალებითაც დავეხმაროთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ,,გორმედის“  ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი დავით ღვინიაშვილი წერს.

,,არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება და რა მასშტაბებს მიიღებს ეს საშინელება. უკრაინას უამრავი დაჭრილი და დაშავებული ეყოლება ალბათ. კარგი იქნება, თუ ჩვენი ქვეყნიდან მოხერხდება დაჭრილებისთვის სისხლის მარაგის შეგროვება და გადაგზავნა უკრაინაში. შეიძლება სხვა სამედიცინო დანიშნულების მასალებითაც დავეხმაროთ. ამას მთავრობის და ჯანდაცვის სექტორიდან ორგანიზება დაჭირდება. დარწმუნებული ვარ, უამრავი ქართველი გაიღებს სისხლს უკრაინელების დასახმარებლად“, - წერს დავით ღვინიაშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეტევას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან ახორციელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 30-მდე ბალისტიკური რაკეტის და რეაქტიული სისტემების გამოყენების ფაქტი ფიქსირდება. სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაღუპულია რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე, ასევე ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლზე.

კვირის ამბები