საზოგადოება
24.02.2022 19:17
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეტევას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან ახორციელებს

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეტევას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან ახორციელებს. შეტევითი ოპერაცია დაიწყო სარაკეტო-საავიაციო დარტყმების გამოყენებით უკრაინის მთელს ტერიტორიაზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 30-მდე ბალისტიკური რაკეტის და რეაქტიული სისტემების გამოყენების ფაქტი ფიქსირდება, კერძოდ, შეტევა ხორციელდება დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან, სუმიდან, ჩერნიგოვიდან, ხარკოვიდან, ასევე ბელორუსიისა და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებიდან.

* უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარში რუსული სამხედრო ჭურვები საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 10 მშვიდობიანი მოქალაქე.

* ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ყირიმის არხის მთავარი შენობა და კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური დაიკავეს.

* სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაღუპულია რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე, ასევე ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლზე.

* რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა ანტონოვის აეროპორტზე, რომელიც კიევის ცენტრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს, კონტროლი დაამყარეს.

* ოდესის ოლქში სამხედრო ნაწილზე რუსეთის სამხედრო დარტყმების შედეგად, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში სოფელ ლიპეცკოეშიც.

* უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის ფედერაციის საჯარისო დანაყოფების წარმომადგენლებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს ხერსონის ოლქის კოპანისა და ივანოვოს დასახლებებშიც, სკადოვსკის რაიონში კი მესაზღვრეებს შვეულმფრენებიდან ესვრიან.

კვირის ამბები