საზოგადოება
24.02.2022 17:41
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს - მამუკა ლომსაძე

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება გორის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ. უნალექო ამინდები და საჭირო ტექნიკის საკმარისი რაოდენობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, ჩაეტიონ აგრო ვადებში და მოსავლის თესვის პროცესში რისკები და პრობლემები არ შეიქმნას, -  აღნიშნულის შესახებ GMnews-თან სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ განაცხადა.
„უნდა აღინიშნოს, რომ გამოამინდებისთანავე, ფერმერებმა აქტიურად დაიწყეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება. ამ ეტაპზე, ხვნის პროცესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვლა-ფორმირების პროცესიც. მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თოვლის სახით მოსული ნალექის გამო, შეუძლებელი გახლდათ მიწის ხვნა. მართალია, ფერმერების ნაწილმა შემოდგომით მოახერხა სათესი სავარგულების დამუშავება, თუმცა, ეს საკმაოდ მცირე რაოდენობა გახლდათ. რაც შეეხება ტრაქტორებს, რითაც ზემოაღნიშნული სამუშაოები ხორციელდება, გეტყვით რომ ამ დროისთვის საჭირო ტექნიკა მუნიციპალიტეტში ნამდვილად არის და უნდა აღინიშნოს, რომ ბენეფიციარების ნაწილმა გარკვეული ტექნიკა სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიძინა“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.

კვირის ამბები