საზოგადოება
13.12.2019 16:04
დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას გრიპისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს

სეზონური ვირუსული ინფექციების გააქტიურებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას გრიპისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, დაავადებისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის ყოველწლიური ვაქცინაციაა, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰიგიენური პროცედურებისა და სხვა რეკომენდაციების გათვალისწინება.

„თვალები, ცხვირი და პირი - გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე სარისკო გზაა. შესუნთქულ ჰაერში გრიპის გამომწვევის არსებობის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების რისკი თუ არ შეეხებით ხელებით სახეს. თუ ეს ძალიან საჭიროა, თვალებს, პირსა და ცხვირს შეეხეთ ერთჯერადი ცხვირსახოცით ან წინასწარ საპნით დაბანილი ხელებით. თუ გრიპით ხართ ავად, თქვენ საფრთხეს უქმნით ირგვლივ მყოფთ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ისეთი ქრონიკული დაავადების მქონენი როგორიცაა კიბო, გულის დაავადებები, აივ ინფიცირებულები. ირგვლივ მყოფთა კონტაქტების დროული შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გრიპის შემდგომ გავრცელებას და შესაძლოა გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე,“ - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში, H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყების ცნობით, A ტიპის ვირუსის გარდა, უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება.

კვირის ამბები