საზოგადოება
23.02.2022 15:11
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში სოფელ ნიქოზში დამუშავებული მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის ნიქოზის სადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე დამუშავებული მონაცემები საჯაროდ გამოაქვეყნა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს 2022 წლის 29 იანვრიდან  28 თებერვლის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.napr.gov.ge/publishing, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gori.gov.ge ) და გორის მუნიციპალიტეტის ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს არ ეთანხმება, 2022 წლის  28 თებერვლის 16:00 საათის ჩათვლით, განცხადებით უნდა მიმართოს ადგილზე, ან შეავსოს ონლაინ განაცხადი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ განაცხადები აღარ მიიღება.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს ეტაპობრივად ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში. მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთები კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად დარეგისტრირდება. ჩვენს რეგიონში პროექტი მოიცავს ორ მუნიციპალიტეტს: გორის მუნიციპალიტეტი - ვარიანი, შინდისი და ნიქოზი; ქარელის მუნიციპალიტეტი - რუისი, ურბნისი, ბრეთი და გიგანტი.

ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას (საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება-ანალიზი, ნაკვეთების რეგისტრაცია) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით ასრულებს.

კვირის ამბები