გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლას კირიონ მეორის სახელი მიენიჭა - ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს, აღნიშნული ინიციატივით, ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორმა, 14 ნოემბერს მიმართა. საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი სახელის მინიჭების შესახებ საკრებულომ იმსჯელა და დადებითი გადაწყვეტილებაც მიიღო.
კირიონ II სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი გახლდათ, რომელიც 1855 წლის 10 ნოემბერს სოფელ ქვემო ნიქოზში დაიბადა. ქართველი ისტორიკოსი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 2002 წელს წმიდანად შერაცხა.
დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებმა სოფელ ქვეშის საჯარო სკოლისთვის ნოდარ ხადურის (საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბერიდან 2016 წლის 27 ნოემბერამდე) სახელის მინიჭების შესახებაც იმსჯელეს. „ქვეშის საჯარო სკოლისთვის ნოდარ ხადურის სახელის მინიჭების ინიციატივით, ამავე სკოლის სამეურვეო საბჭო გამოვიდა. აღნიშნული წინადადება, საკრებულოში ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორმა 21 ნოემბერს დაარეგისტრირა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ წარმომდგენის მიერ, სრულად არ იყო დაცული პროცედურები, განმცხადებელს უარი ეთქვა. სხვა მხრივ, დღევანდელ სხდომაზე, მოვისმინეთ რამდენიმე სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში“, - განაცხადა GMnews-თან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 32 საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.