საზოგადოება
22.02.2022 18:31
1-ლი მარტიდან აზარტული თამაშები შეიზღუდება

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულაციების შესახებ კანონში შესული ცვლილებები 1-ლი მარტიდან ამოქმედდება, ნორმატიული აქტის ახალი რედაქციის მიხედვით, გაზაფხულიდან საზოგადოების რამდენიმე კატეგორიას აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალება.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, როგორც პრემიერი აღნიშნავს, ინიციატივის ერთადერთ მიზანს საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით - ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვა წარმოადგენს.

1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირს), სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.

ამასთან, 1-ლი მარტიდან მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც, კერძოდ, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე -  რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.

კვირის ამბები